ბრეკეტები

ბრეკეტებით კბილების გასწორება NB Dental-ში

„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკა“ საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული ორთოდონტიული ცენტრია, სადაც ბრეკეტების ჩასმამდე ორთოდონტები თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით ატარებენ დიაგნოსტიკას და აფასებენ კბილების მდებარეობას, თანკბილვას, ყბების ურთიერთმიმართებასა და სახის პროპორციებს. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ისინი არჩევენ ბრეკეტების ტიპს და მკურნალობის ეტაპებს ისე გეგმავენ, რომ კბილების გასწორების შემდეგ ღიმილი პაციენტის სახის ნაკვთებს ჰარმონიულად მოერგოს.

რა შემთხვევაში გამოიყენება ბრეკეტები?

ორთოდონტია თანკბილვის დარღვევებს მკურნალობს. ბრეკეტები კი ყველაზე ხშირად შემდეგ შემთხვევებში გამოიყენება:

მჭიდროდ მდგომი კბილები

ზოგიერთი კბილი ერთმანეთზეა გადასული, ამიტომ მათი კარგად გაწმენდა რთულია.

კბილებს შორის დაშორებები

კბილებს შორის დიდი სივრცეებია, რაც ღიმილის ესთეტიკურ მხარეზეც აისახება.

არასწორი თანკბილვა

ზედა და ქვედა კბილები ერთმანეთს სწორად ვერ ემთხვევა, რის გამოც ღეჭვა რთულდება.

გადახრილი კბილები

ერთი ან რამდენიმე კბილი დანარჩენებთან შედარებით წინ ან უკანაა გადახრილი.

კბილების არათანაბარი დატვირთვა

არასწორი განლაგების გამო ზოგიერთი კბილი ღეჭვისას უფრო მეტად იტვირთება და უფრო სწრაფად ცვდება.

რა ტიპის ბრეკეტებს ვიყენებთ „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“?

ორთოდონტიული ბრეკეტები კბილებზე მაგრდება და ერთმანეთს ლითონის რკალით უკავშირდება. რკალი კბილებზე მსუბუქ ზეწოლას ახდენს, რის შედეგადაც ისინი ნელა გადაადგილდება და თანკბილვაც ეტაპობრივად სწორდება.

„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკა“ არის სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში, სადაც მკურნალობისთვის მეტალის, კერამიკული და თვითლიგირებადი ბრეკეტები გამოიყენება.

მეტალის ლიგატურიანი ბრეკეტები კბილებზე

მეტალის ბრეკეტები

მეტალის ლიგატურიანი ბრეკეტები ორთოდონტიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისტემაა. რკალი თითოეულ ბრეკეტზე პატარა რეზინით, ანუ ლიგატურით მაგრდება, რომელსაც ორთოდონტი გეგმური ვიზიტების დროს ცვლის. მეტალის ბრეკეტები მტკიცეა, თანკბილვის სხვადასხვა დარღვევის დროს გამოიყენება და სხვა სისტემებთან შედარებით ყველაზე ხელმისაწვდომია.

კერამიკული ბრეკეტები კბილებზე

კერამიკული ბრეკეტები

კერამიკული ბრეკეტები გამჭვირვალე მასალისგან მზადდება და ნაკლებად შესამჩნევია. რკალი ამ შემთხვევაშიც ლიგატურებით მაგრდება, კბილები კი ეტაპობრივად სწორდება. ამ ტიპის ბრეკეტებს ხშირად ის პაციენტები ირჩევენ, რომლებსაც სურთ, მკურნალობის დროს სისტემა ნაკლებად შესამჩნევი იყოს.

თვითლიგირებადი ბრეკეტები ლიგატურების გარეშე

თვითლიგირებადი ბრეკეტები

თვითლიგირებად ბრეკეტებს რეზინის ლიგატურები არ სჭირდება, რადგან რკალს ბრეკეტში ჩაშენებული საკეტი იჭერს. ეს მექანიზმი რკალსა და ბრეკეტს შორის ხახუნს ამცირებს, კბილები კი მსუბუქი ზეწოლით გადაადგილდება. რადგან ბრეკეტების ზედაპირზე ნაკლები დეტალია, მათი გაწმენდაც შედარებით ადვილია. ზოგ შემთხვევაში გეგმურ ვიზიტებს შორის ინტერვალიც შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს.

ბრეკეტების რომელი ტიპი შეესაბამება თქვენს შემთხვევას, ორთოდონტი დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით გეტყვით. არჩევანზე გავლენას ახდენს თანკბილვის მდგომარეობა, მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობა და თქვენი სურვილები. თავად ბრეკეტი ამ პროცესში მხოლოდ დამხმარე საშუალებაა, შედეგს კი ზუსტი დიაგნოსტიკა, სწორი დაგეგმვა და ორთოდონტის პროფესიონალიზმი განსაზღვრავს.

როგორ მიმდინარეობს ბრეკეტების ჩასმა და მკურნალობა?

  1. კონსულტაცია და ციფრული დიაგნოსტიკა

    თავდაპირველად ორთოდონტი პირის ღრუს მდგომარეობასთან ერთად თანკბილვას, ყბების ურთიერთმიმართებასა და სახის პროპორციებს აფასებს. დიაგნოსტიკისთვის 3D ტომოგრაფიასა და iTero სკანერს იყენებს. მიღებული მონაცემებით ორთოდონტი მკურნალობის მიზანს, ეტაპებსა და კბილების გადაადგილების თანმიმდევრობას ადგენს, შემდეგ კი განსაზღვრავს, რომელი ტიპის ბრეკეტია კონკრეტული შემთხვევისთვის შესაფერისი. iTero სკანერი, რომელიც საქართველოში პირველად „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკამ“ გამოიყენა, პაციენტს მკურნალობის დაწყებამდე აჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს მიღებული შედეგი. თუ გამოკვლევისას კარიესი ან ღრძილების ანთება გამოვლინდა ან კბილის ამოღება გახდა საჭირო, ჯერ შესაბამისი პროცედურები ტარდება, ბრეკეტების ფიქსაცია კი მხოლოდ ამის შემდეგ ხდება.

    ორთოდონტი iTero სკანერით ბრეკეტების ჩასმამდე ციფრულ დიაგნოსტიკას ატარებს NB Dental-ში
  2. ბრეკეტების ჩასმა

    წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, ორთოდონტი თითოეულ ბრეკეტს სპეციალური მასალით კბილის ზედაპირზე ამაგრებს, შემდეგ კი ბრეკეტებში ორთოდონტიულ რკალს ათავსებს. რკალი კბილებს მსუბუქად აწვება, რის შედეგადაც ისინი წინასწარ განსაზღვრული მიმართულებით გადაადგილდება.

  3. გეგმური ვიზიტები და ბრეკეტის აქტივაცია

    ბრეკეტების ტარების პერიოდში ორთოდონტი კბილების მდგომარეობას პერიოდულად აფასებს და სისტემას არეგულირებს, საჭიროების შემთხვევაში კი რკალს ან სხვა ნაწილებს ცვლის. ვიზიტების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა კბილების გადაადგილების ტემპზეა დამოკიდებული, რომელიც ყველა პაციენტთან განსხვავებულია.

  4. ბრეკეტების მოხსნა და შედეგის შენარჩუნება

    მკურნალობის დასრულების შემდეგ ორთოდონტი ბრეკეტებს ხსნის, თუმცა კბილების გარშემო არსებულ ძვალსა და რბილ ქსოვილებს ახალ მდგომარეობასთან შესაგუებლად დრო სჭირდება. ამ პერიოდში კბილები შეიძლება კვლავ ძველი პოზიციისკენ გადაადგილდეს, ამიტომ შედეგის შესანარჩუნებლად პაციენტმა რეტეინერი (რეტენციული აპარატი) უნდა ატაროს.

რაზეა დამოკიდებული ბრეკეტების ფასი?

ბრეკეტების ფასი მათი ტიპის, კბილების მდგომარეობისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით განსხვავდება. ზუსტი თანხა კონსულტაციისა და დიაგნოსტიკის შემდეგ განისაზღვრება. ორთოდონტი გეგმასაც გაგაცნობთ, ამიტომ წინასწარ გეცოდინებათ, რა ეტაპებია გასავლელი და რა მომსახურებები შედის ამ თანხაში.

„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“ თანხა შეგიძლიათ ეტაპობრივად გადაიხადოთ ან პარტნიორი ბანკების განვადებით ისარგებლოთ.

სტომატოლოგთან ვიზიტის დაჯავშნა შეგიძლიათ ნომერზე (032) 2 32 22 27 ან ელფოსტაზე info@nbdental.ge.

რა უნდა იცოდეთ აუცილებლად ბრეკეტების ტარების შესახებ?

ბრეკეტების გარშემო საკვების ნარჩენები და ნადები ადვილად გროვდება, ამიტომ კბილები ყოველდღე კარგად უნდა გაიწმინდოთ. ჩვეულებრივ ჯაგრისთან ერთად ორთოდონტიული ან კბილთაშორისი ჯაგრისიც დაგჭირდებათ, რადგან ის იმ ადგილებს წმენდს, რომლებსაც ჩვეულებრივი ჯაგრისი ვერ სწვდება. ორთოდონტი საჭირო საშუალებებს შეგირჩევთ და მათ გამოყენებასაც გასწავლით.

ბრეკეტების დაზიანების თავიდან ასაცილებლად ზედმეტად მაგარ და წებოვან საკვებს უნდა მოერიდოთ. თუ ბრეკეტი ან რკალი მოძვრა, გატყდა ან რაიმე სახის დისკომფორტს იწვევს, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს ორთოდონტს, რადგან დაზიანებულმა ნაწილმა შეიძლება ლოყა, ტუჩი ან ღრძილი გააღიზიანოს და მკურნალობის პერიოდიც გაახანგრძლივოს. ორთოდონტი სისტემას შეამოწმებს და დაზიანებულ ნაწილს აღადგენს ან შეცვლის.

რატომ ირჩევენ პაციენტები ბრეკეტებით მკურნალობისთვის „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკას“?

ორთოდონტია „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კლინიკის ექსპერტი ორთოდონტების გუნდს 16 წელზე მეტი გამოცდილება აქვს როგორც სტანდარტული, ისე რთული შემთხვევების მართვაში. მათ შორისაა რთული თანკბილვის კორექცია, ბავშვის ზრდის პროცესში დაგეგმილი მკურნალობა და ისეთი შემთხვევები, რომლებშიც სხვა მიმართულების პროფესიონალების ჩართულობაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ კლინიკის დამფუძნებელი, ორთოდონტი ნინო ბერიძე საქართველოში Invisalign-ის პირველ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს შორისაა, დღეს კი ამ სერტიფიკატს კლინიკის ყველა ორთოდონტი ფლობს.

კლინიკაში სტომატოლოგიური სერვისები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, ამიტომ, თუ ბრეკეტებით მკურნალობაში პაროდონტოლოგის, ქირურგის, თერაპევტის ან ორთოპედის ჩართულობა გახდა საჭირო, სპეციალისტები ყველა ეტაპს წინასწარ ერთმანეთთან შეათანხმებენ და პაციენტი შესაბამის მომსახურებას ამავე სივრცეში მიიღებს.

კლინიკის ორთოდონტები ზრდასრულ პაციენტებს მკურნალობენ, ბავშვთა ორთოდონტები კი ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობენ. უმცროსი პაციენტებისთვის ცალკე სივრცე ფუნქციონირებს, სადაც მათთვის კომფორტული, ფერადი და მხიარული გარემოა შექმნილი.

ბავშვთა ზონა NB Dental-ში, სადაც უმცროსი პაციენტებისთვის ფერადი და კომფორტული გარემოა შექმნილი

ბრეკეტებით მკურნალობას გარკვეული დრო სჭირდება, ამ გზაზე კი ორთოდონტსა და პაციენტს შორის ღია კომუნიკაცია ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

დაჯავშნეთ კონსულტაცია ორთოდონტთან

ბრეკეტების ჩასმა ორთოდონტის კონსულტაციის შემდეგ იგეგმება. ვიზიტის დროს „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ ორთოდონტი კბილებისა და თანკბილვის მდგომარეობას შეაფასებს და გეტყვით, რა სახის მკურნალობა დაგჭირდებათ.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: (032) 2 32 22 27 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: info@nbdental.ge.

კლინიკა საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩის 1ა ნომერში მდებარეობს და ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:30 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობს.

ხშირად დასმული კითხვები

რა ასაკიდან შეიძლება ბრეკეტების ჩასმა?

ბრეკეტების ჩასმა კონკრეტული ასაკით არ იზღუდება, რადგან კბილების გასწორება ზრდასრულ პაციენტებშიც ეფექტურია. ბავშვთა ორთოდონტთან პირველი ვიზიტი კი 5 ან 6 წლის ასაკშია რეკომენდებული, რათა შეფასდეს კბილებისა და ყბების განვითარება და განისაზღვროს მკურნალობის დაწყების დრო.

რამდენ ხანს გრძელდება ბრეკეტებით მკურნალობა?

მკურნალობის ხანგრძლივობა კბილებისა და თანკბილვის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ყველა პაციენტისთვის განსხვავებულია. სავარაუდო ვადას ორთოდონტი პირის ღრუს შემოწმებისა და მკურნალობის გეგმის შედგენის შემდეგ გეტყვით.

მტკივნეულია თუ არა ბრეკეტების ტარება?

ბრეკეტების დამაგრების პროცედურა ჩვეულებრივ ტკივილს არ იწვევს. პირველ დღეებში ან სისტემის რეგულირების შემდეგ კბილებზე შეიძლება დაჭიმულობა და მცირე დისკომფორტი იგრძნოთ. ეს შეგრძნება რამდენიმე დღეში თანდათან გადის. თუ ღრძილები ხშირად გისივდებათ ან სისხლდენა გაქვთ, შესაძლოა პაროდონტოლოგის კონსულტაციაც დაგჭირდეთ. პაროდონტოლოგია ღრძილებისა და კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების დაავადებებს სწავლობს და მკურნალობს.

აუცილებელია თუ არა, რომ ბრეკეტები ორივე ყბაზე დამაგრდეს?

ორთოდონტი კბილებისა და ყბების განლაგებასა და თანკბილვას აფასებს, მკურნალობის მიზანს კი ითვალისწინებს და ამის მიხედვით ადგენს, ბრეკეტები ორივე ყბაზე უნდა დაფიქსირდეს თუ მხოლოდ ერთზე.

შესაძლებელია თუ არა ბრეკეტებისთვის ფერადი რეზინების არჩევა?

ლიგატურიანი ბრეკეტების შემთხვევაში ფერადი რეზინების არჩევა შეგიძლიათ. ორთოდონტი მათ გეგმიურ ვიზიტებზე ცვლის, ამიტომ სურვილის შემთხვევაში ყოველ ჯერზე განსხვავებულ ფერს აირჩევთ. ეს პროცესი განსაკუთრებით ახარებს ბავშვებსა და თინეიჯერებს.

რამდენად ხშირად არის საჭირო ბრეკეტის აქტივაცია?

ბრეკეტის აქტივაცია ყველა პაციენტისთვის ერთნაირი სიხშირით არ ტარდება. ვიზიტებს შორის ინტერვალს ორთოდონტი სისტემის ტიპის, მკურნალობის ეტაპისა და კბილების გადაადგილების მიხედვით ადგენს.

ბრეკეტები თუ ელაინერები?

კბილების გასწორება შეიძლება როგორც ბრეკეტებით, ისე ელაინერებით, თუმცა მათი ტარების წესი განსხვავებულია. ბრეკეტი კბილებზე მაგრდება და პაციენტი მას თავად ვერ იხსნის, ელაინერები კი გამჭვირვალე, მოსახსნელი კაპებია. არჩევანი მხოლოდ გარეგნობასა და ტარების წესზე არ არის დამოკიდებული. ორთოდონტი თანკბილვის მდგომარეობას, საჭირო გადაადგილებებსა და მკურნალობის მიზანს აფასებს და ამის მიხედვით განსაზღვრავს, რომელი მეთოდია კონკრეტულ შემთხვევაში შესაფერისი.

Call Now Button