
სიბრძნის კბილის ამოღება მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როცა ამის კონკრეტული სამედიცინო მიზეზი არსებობს. მაგალითად, ამოღება შეიძლება საჭირო გახდეს, თუ მის ირგვლივ ღრძილში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს ან მეზობელ კბილს აწვება და აზიანებს. თუ ის სწორად ამოვიდა, ჯანმრთელია და ყოველდღიური ჰიგიენის დაცვასაც არ გირთულებთ, კბილის ამოღება „ნბ დენტალი - ნინო ბერიძის კლინიკის“ სტომატოლოგების მიერ რეკომენდებული არ არის.
რა ფუნქცია აქვს სიბრძნის კბილს და რატომ არ არის ის ზედმეტი?
ხშირად ფიქრობენ, რომ სიბრძნის კბილი უსარგებლოა და მისგან ადამიანს მხოლოდ უსიამოვნება ელის. სინამდვილეში, ჯანმრთელი, სწორად ამოსული სიბრძნის კბილი ღეჭვისას საკვების დაქუცმაცებაში მონაწილეობს და დატვირთვას სხვა საღეჭ კბილებთან ერთად ინაწილებს. ეს ბუნებრივი დატვირთვა ყბის ძვალსაც ამაგრებს და მას სიმკვრივეს უნარჩუნებს.
გარდა ამისა, ჯანმრთელი სიბრძნის კბილი მომავალში შესაძლოა პროთეზირებისთვის საიმედო საყრდენად გამოდგეს, თუ კარიესის ან ტრავმის გამო მეზობელი კბილის ამოღება გახდება საჭირო. ამ მიზეზით სტომატოლოგები ჯანსაღი კბილის შენარჩუნებას ყოველთვის ცდილობენ და მის ამოღებას მხოლოდ მაშინ გეგმავენ, როცა ამის კონკრეტული სამედიცინო აუცილებლობა არსებობს.
რა შემთხვევებშია სიბრძნის კბილის ამოღება აუცილებელი?
პრობლემები ძირითადად მაშინ იჩენს თავს, როდესაც კბილის ამოსასვლელად საკმარისი სივრცე არ არის. ასეთ დროს ის ღრძილიდან მხოლოდ ნაწილობრივ ამოიჭრება, კბილსა და ღრძილს შორის შექმნილ ე.წ. ჯიბეში კი საკვების ნარჩენები და ბაქტერიები გროვდება. შედეგად ღრძილი სივდება და ანთება იწყება. ამ მდგომარეობას პერიკორონიტი ეწოდება. მისთვის დამახასიათებელია მწვავე ტკივილი, შეშუპება და ზოგჯერ პირის გაღების გაძნელება. თუ ანთება პერიოდულად მეორდება, პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად საუკეთესო გზა სიბრძნის კბილის ამოღებაა.
თავისი მდებარეობის გამო სიბრძნის კბილის ჯაგრისით კარგად გაწმენდა რთულია, ამიტომ მასზე კარიესი შეიძლება სწრაფად განვითარდეს. ასეთ დროს კბილის დაბჟენა შესაძლებელია, თუ ის სწორად დგას და დაზიანებული უბანი სტომატოლოგისთვის ადვილად მისაწვდომია. თუმცა როცა ბჟენის სათანადოდ მოთავსება ვერ ხერხდება, მაშინ ამოღებაა საჭირო.
ამოღება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც არასწორი მიმართულებით ამოსული სიბრძნის კბილი მეზობელ კბილს აწვება. მუდმივმა ზეწოლამ შეიძლება მეზობელი მოლარის ფესვი ან გვირგვინი დააზიანოს. კიდევ უფრო რთულ შემთხვევებში ყბის ძვალში ჩარჩენილი, ამოუსვლელი კბილის ირგვლივ კისტა ვითარდება, რაც დროთა განმავლობაში ძვლოვან ქსოვილს აზიანებს.
ასეთი პროცესები ხშირად ყოველგვარი ტკივილის გარეშე მიმდინარეობს და მათი აღმოჩენა მხოლოდ რენტგენზეა შესაძლებელი. ამიტომ გეგმური პროფილაქტიკური შემოწმება დაგეხმარებათ, სიბრძნის კბილების მდგომარეობა მუდმივად გააკონტროლოთ. ხოლო თუ ამოღება მაინც გახდა საჭირო, პროცედურა ადგილობრივი გაუტკივარებით ტარდება, შედარებით რთულ შემთხვევებში კი ინტრავენური სედაციაც გამოიყენება.
ორთოდონტიული მკურნალობა და სიბრძნის კბილები: რატომ არ უნდა ამოიღოთ ისინი წინასწარ
ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც ბრეკეტების ჩასმა ან ელაინერებით მკურნალობა სურს, მიაჩნია, რომ მანამდე სიბრძნის კბილების ამოღება აუცილებელია. „ნბ დენტალი - ნინო ბერიძის კლინიკის“ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტი ამ პროცედურას ორთოდონტთან პირველ კონსულტაციამდე იტარებს, მკურნალობის დაგეგმვისას კი ირკვევა, რომ ამის საჭიროება არ ყოფილა.
მკურნალობის დაწყებამდე ორთოდონტი პანორამულ რენტგენს აფასებს: ზომავს ყბაში არსებულ ადგილს, აკვირდება სიბრძნის კბილების განლაგებას და იკვლევს, შეუშლის თუ არა მათი მდებარეობა ხელს კბილთა მწკრივის გასწორებას. თუ სივრცე საკმარისია, ექიმი მათ მკურნალობის განმავლობაში უბრალოდ აკვირდება. ამოღების საკითხი შეიძლება დადგეს, თუ სიბრძნის კბილის მდებარეობის გამო უკანა კბილების გადასაადგილებლად საკმარისი სივრცე არ არის.
ორთოდონტთან კონსულტაციამდე სიბრძნის კბილის ამოღებამ კი შეიძლება მკურნალობა გაართულოს. საქმე ის არის, რომ ზოგჯერ ორთოდონტი სიბრძნის კბილს საყრდენად განიხილავს ან მკურნალობის შემდგომ ეტაპზე მის გამოყენებას გეგმავს. ამიტომ, თუ კბილების გასწორება გსურთ, სიბრძნის კბილების ბედი აუცილებლად მკურნალ ექიმთან ერთად გადაწყვიტეთ. ასე თავიდან აირიდებთ გაუთვალისწინებელ სირთულეებს და ჯანმრთელ კბილსაც შეინარჩუნებთ.
ხშირად დასმული კითხვები
მტკივნეულია თუ არა სიბრძნის კბილის ამოღება?
მანიპულაცია ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება, ამიტომ უშუალოდ პროცესში ტკივილი არ უნდა იგრძნოთ. გამაყუჩებლის მოქმედების დასრულების შემდეგ მცირე უსიამოვნო შეგრძნება სავსებით ბუნებრივია და, როგორც წესი, რამდენიმე დღეში თანდათან მცირდება.
თუ რთული ჩარევა იგეგმება ან პროცედურის მიმართ ძლიერი შიში გაქვთ, ქირურგი და ანესთეზიოლოგი წინასწარ შეაფასებენ, რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის ინტრავენური ანესთეზია.
როგორ შევიმსუბუქოთ სიბრძნის კბილის ტკივილი ექიმთან ვიზიტამდე?
დისკომფორტის დროებით შესამცირებლად შეგიძლიათ ლოყაზე ცივი საფენი დაიდოთ და პირის ღრუში თბილი, მარილიანი წყალი გამოივლოთ. საჭიროებისას დასაშვებია ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლის მიღებაც ანოტაციაში მითითებული დოზირებით. გაითვალისწინეთ, რომ ეს მეთოდები მხოლოდ სიმპტომებს ამსუბუქებს და ტკივილის მიზეზს ვერ აღმოფხვრის, ამიტომ სტომატოლოგთან ვიზიტია საჭირო.
შეიძლება თუ არა სიბრძნის კბილის დაბჟენა ამოღების ნაცვლად?
დიახ, თუ კბილი სწორად დგას და პრობლემურ ზედაპირთან ინსტრუმენტებით მუშაობა ხერხდება, მას ჩვეულებრივად ვმკურნალობთ. თუმცა გადაწყვეტილება კარიესის სიღრმესა და ფესვების მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რასაც სტომატოლოგი პირის ღრუს დათვალიერებისა და რენტგენის შემდეგ განსაზღვრავს.
რა ღირს სიბრძნის კბილის ამოღება?
სიბრძნის კბილის ამოღების ფასი პროცედურის სირთულეზეა დამოკიდებული. ზუსტ თანხას ექიმი პირის ღრუს შემოწმებისა და რენტგენოლოგიური კვლევის შეფასების შემდეგ გაგაცნობთ.
როგორ ჩავეწეროთ კონსულტაციაზე?
ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით ნომერზე (0322) 32 22 27 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე info@nbdental.ge. კლინიკა მდებარეობს საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩის №1ა მისამართზე და მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 09:30 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე.







