კბილების გასწორება და ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ

ორთოდონტი პაციენტის კბილებს iTero ციფრული სკანერით სკანირებს NB Dental-ში

კვლევების მიხედვით, თანკბილვის ამა თუ იმ ტიპის დარღვევა მსოფლიოში დაახლოებით ყოველ მეორე ადამიანს აღენიშნება. ეს მაჩვენებელი მაღალია, თუმცა არა შემაშფოთებელი, რადგან ორთოდონტია ბოლო ათწლეულებში იმდენად განვითარდა, რომ დღეს კბილების გასწორება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, მკურნალობის პროცესი კი გაცილებით კომფორტულია, ვიდრე ადრე.

გზა ამ შედეგამდე გრძელი იყო – კბილების გასწორებას ჯერ კიდევ უძველეს ცივილიზაციებში ცდილობდნენ, თანამედროვე ორთოდონტიას კი საფუძველი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ჩაეყარა. 1899 წელს ამერიკელმა ორთოდონტმა ედვარდ ენგლმა თანკბილვის კლასიფიკაცია შეიმუშავა, რომელსაც სპეციალისტები დღემდე იყენებენ. მომდევნო საუკუნეში შეიქმნა უჟანგავი ფოლადის ბრეკეტები და კბილების შიდა ზედაპირზე დასამაგრებელი, თითქმის შეუმჩნეველი სისტემები. 1997 წელს კი სტენფორდის უნივერსიტეტში პირველი გამჭვირვალე ელაინერები შექმნეს, რის შემდეგაც კბილების გასწორება ბრეკეტების გარეშეც გახდა შესაძლებელი.

მკურნალობის მეთოდების მრავალფეროვნებასთან ერთად გაჩნდა არაერთი კითხვაც: რომელი სჯობს, რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა, მტკივნეულია თუ არა პროცესი და რა შედეგს უნდა ელოდოთ? პასუხის გასაცემად ორთოდონტები ჯერ კბილებისა და ყბების მდგომარეობას, თანკბილვასა და ღიმილის თავისებურებებს აფასებენ, შემდეგ კი კონკრეტული შემთხვევისთვის ეფექტურ მეთოდს არჩევენ.

თუ თქვენც გაინტერესებთ ეს საკითხები, ამ ბლოგში „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ ექსპერტი ორთოდონტები ყველაზე გავრცელებული შემთხვევების გათვალისწინებით კბილების გასწორების შესახებ დეტალურად მოგიყვებიან.

როდის არის საჭირო კბილების გასწორება?

კბილების გასწორება საჭიროა მაშინ, როცა ისინი მჭიდროდ ან დახრილადაა განლაგებული, მათ შორის დიდი სივრცეებია ან ზედა და ქვედა კბილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ასეთი დარღვევა შეიძლება დისტალური, მეზიალური, ღრმა, ღია ან ჯვარედინი თანკბილვის სახით გამოვლინდეს.

კბილების არასწორმა განლაგებამ და დარღვეულმა თანკბილვამ შეიძლება:

  • გაართულოს კბილების გაწმენდა. ჯაგრისი ყველა ზედაპირს თანაბრად კარგად ვერ სწვდება, რის გამოც პირის ღრუში ნადები უფრო ადვილად გროვდება და კარიესისა და ღრძილების ანთების რისკი იზრდება;
  • გაართულოს ღეჭვა და მეტყველებაზეც უარყოფითად იმოქმედოს;
  • გაზარდოს ყბის სახსრის დაზიანების რისკი, რადგან ღეჭვისას დატვირთვა კბილებზე არათანაბრად ნაწილდება.

რა ასაკში შეიძლება კბილების გასწორება?

კბილების გასწორება შესაძლებელია როგორც ბავშვობაში, ისე ზრდასრულ ასაკში, რადგან ორთოდონტიულ მკურნალობას მკაცრი ასაკობრივი ზღვარი არ აქვს. „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ ბავშვთა ორთოდონტები პაციენტებს პირველ კონსულტაციაზე 5 ან 6 წლის ასაკიდან იღებენ. ამ დროს ისინი აკვირდებიან ყბებისა და კბილების განვითარებას, აფასებენ თანკბილვას და განსაზღვრავენ, რა შეიძლება გახდეს საჭირო მომავალში.

ოჯახი ბავშვით NB Dental-ის ციფრული ორთოდონტიისა და ბავშვთა სტომატოლოგიის მისაღებში

კბილების გასწორება ზრდასრულ ასაკშიც არ არის გვიანი. მართალია, ჩამოყალიბებული ძვლოვანი ქსოვილის გამო მკურნალობას მეტი დრო სჭირდება, თუმცა სასურველი შედეგის მიღება 30, 40 და 50 წლის ასაკშიც შეიძლება.

კბილების გასწორების რომელი მეთოდები არსებობს?

მკურნალობის მეთოდი პრობლემის ტიპის, სირთულისა და პაციენტის ასაკის მიხედვით შეირჩევა და ამ გადაწყვეტილებას ორთოდონტი დიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით იღებს. კბილების გასწორებისთვის ძირითადად ორი მეთოდი გამოიყენება: ბრეკეტები და ელაინერები.

როგორ ასწორებს კბილებს ბრეკეტები?

ბრეკეტი პატარა დეტალია, რომელიც კბილზე მაგრდება და მასში ორთოდონტიული რკალი თავსდება. რკალი კბილებზე მსუბუქ და მუდმივ ზეწოლას ახდენს, რის შედეგადაც ისინი ნელა გადაადგილდება. ორთოდონტი ამ სისტემას ვიზიტების დროს არეგულირებს, კბილები კი სასურველი მიმართულებით მოძრაობას განაგრძობს და თანდათან სწორდება.

ბრეკეტების მუშაობის პრინციპი ერთია, თუმცა მათი ტიპები მასალითა და რკალის დამაგრების წესით განსხვავდება. „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“ სამი ტიპის ბრეკეტი გამოიყენება:

  • მეტალის ბრეკეტები გამძლეა და ორთოდონტიაში მრავალი წელია გამოიყენება. რკალი ბრეკეტებზე პატარა რეზინებით, ე.წ. ლიგატურებით მაგრდება. ლიგატურები სხვადასხვა ფერისაა და მათი შეცვლა გეგმური ვიზიტების დროს ხდება;
  • კერამიკული ბრეკეტები კბილის ბუნებრივ ფერთან ახლოსაა და მეტალის ბრეკეტებთან შედარებით ნაკლებად შესამჩნევია. ამ ტიპის ბრეკეტებს ხშირად ირჩევენ პაციენტები, რომელთათვისაც მკურნალობის დროს ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია;
  • თვითლიგირებად ბრეკეტებს დამატებითი რეზინები არ სჭირდება, რადგან რკალი ბრეკეტში ჩაშენებული მექანიზმით ფიქსირდება. ამ ტიპის ბრეკეტების რეგულირება უფრო დიდი ინტერვალებით ხდება.

კბილების გასწორება ბრეკეტებით თითქმის ყველა ორთოდონტიული პრობლემის დროს შეიძლება, მათ შორის რთულ შემთხვევებშიც, როდესაც სხვა მეთოდები ნაკლებად ეფექტურია.

როგორ ხდება კბილების გასწორება ბრეკეტების გარეშე – ელაინერებით?

ბრეკეტების ალტერნატივა ელაინერებია, ანუ გამჭვირვალე, მოსახსნელი ორთოდონტიული კაპები, რომლებიც პაციენტის კბილების ციფრული სკანირებით შექმნილი მოდელის მიხედვით მზადდება.

კბილების სამგანზომილებიანი მოდელი სკანერის ეკრანზე ელაინერებით მკურნალობის დასაგეგმად

კბილების გასწორება ელაინერებით ეტაპობრივად მიმდინარეობს. მკურნალობის პერიოდში ელაინერები თანმიმდევრულად, ჩვეულებრივ, ერთ ან ორ კვირაში ერთხელ იცვლება. თითოეული მათგანი კბილებს მცირე მანძილით გადაადგილებს, რის შედეგადაც ისინი თანდათან დაგეგმილ პოზიციას იკავებს. სასურველი შედეგისთვის პაციენტმა კაპა დღეში დაახლოებით 22 საათი უნდა ატაროს და მხოლოდ ჭამისა და კბილების გაწმენდის დროს მოიხსნას.

გამჭვირვალე მასალის გამო ელაინერები ნაკლებად ჩანს, მოხსნის შემდეგ კი კბილები ჩვეულებრივად იწმინდება. ამ მეთოდით ყველა ტიპის დარღვევა ვერ სწორდება, ამიტომ რთულ შემთხვევებში ორთოდონტმა შეიძლება კვლავ ბრეკეტებით მკურნალობა გირჩიოთ. თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბრეკეტებიც და ელაინერებიც კბილების გასწორების საშუალებებია, შედეგი კი ზუსტ დიაგნოსტიკაზე, კონკრეტული შემთხვევისთვის შერჩეულ მეთოდსა და სწორად შედგენილ მკურნალობის გეგმაზეა დამოკიდებული.

როგორ უნდა მოუაროთ კბილებს ორთოდონტიული მკურნალობის დროს?

ორთოდონტიული მკურნალობის შედეგი ყოველდღიურ მოვლაზეც არის დამოკიდებული, ამიტომ „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ გუნდი გირჩევთ, ეს რამდენიმე წესი დაიცვათ:

  • ბრეკეტების ტარებისას კბილები კბილთაშორისი ჯაგრისებით გაიწმინდეთ. სასურველია ირიგატორის გამოყენებაც, რადგან წყლის ნაკადი ბრეკეტების ირგვლივ დარჩენილ საკვების ნარჩენებს ეფექტურად აშორებს;
  • ელაინერი ჭამის წინ მოიხსენით, ხელახლა ჩასმამდე კი კბილები გაიწმინდეთ, რათა კაპის ქვეშ საკვების ნარჩენები არ მოხვდეს;
  • ელაინერი ყოველდღე რბილი ჯაგრისითა და გრილი წყლით გაწმინდეთ;
  • ბრეკეტებით მკურნალობისას ერიდეთ მაგარ და წებოვან საკვებს, მაგალითად, კაკალს, კანფეტებს, კარამელსა და საღეჭ რეზინს. მაგარმა საკვებმა შეიძლება ბრეკეტი გატეხოს, წებოვანი კი რკალს მიეკრას და მას ფორმა შეუცვალოს;
  • ხილი და ბოსტნეული პატარა ნაჭრებად დაჭერით და ისე მიირთვით, პირდაპირ მოკბეჩას კი მოერიდეთ;
  • თუ ბრეკეტი მოძვრა, რკალი მოეშვა ან კაპა დაიკარგა, პრობლემის თავად მოგვარებას ნუ შეეცდებით. დაუკავშირდით თქვენს ორთოდონტს და ვიზიტი უახლოეს დღეებში დაგეგმეთ. თუ პრობლემა დროულად მოგვარდება, მკურნალობის გეგმა არ შეიცვლება, დაგვიანებამ კი შეიძლება პროცესი შეანელოს.

რას მოიცავს კბილების გასწორება ჩვენს კლინიკაში?

პირველ ვიზიტზე ორთოდონტი პირის ღრუს მდგომარეობას, თანკბილვას, ყბების ურთიერთმიმართებასა და სახის პროპორციებს აფასებს და ამის მიხედვით განსაზღვრავს, რა კვლევებია საჭირო. დიაგნოსტიკის დროს ციფრული ორთოდონტიის ტექნოლოგიები გამოიყენება, მათ შორის ციფრული სკანერი, რომელიც კბილების სამგანზომილებიან მოდელს ქმნის. ამავე დროს ფასდება მოსალოდნელი შედეგის ესთეტიკური და ფუნქციური მხარე, რათა ღიმილი პაციენტის ინდივიდუალურ იერს ჰარმონიულად მოერგოს და თანკბილვაც გამართული იყოს.

პაციენტი პანორამულ რენტგენის აპარატთან ორთოდონტიული დიაგნოსტიკისას NB Dental-ში

კვლევების შედეგების მიხედვით ორთოდონტი მკურნალობის გეგმას ადგენს და პაციენტს უხსნის, რომელი მეთოდი იქნება შედეგიანი, დაახლოებით რამდენ ხანს გაგრძელდება მკურნალობა და რა სიხშირით იქნება საჭირო ვიზიტები. თუ შემთხვევა სტომატოლოგ-თერაპევტის, პაროდონტოლოგის, ქირურგის, ორთოპედის ან სხვა სპეციალისტის ჩართულობას მოითხოვს, ყველა მათგანი ერთიანი გეგმით კოორდინირებულად მუშაობს.

მკურნალობის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ორთოდონტი რეტეინერს ნიშნავს. რეტეინერი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან მოსახსნელი. ფიქსირებული რეტეინერი კბილების შიდა მხარეს მაგრდება, მოსახსნელი კი კაპაა, რომელიც უმეტესად ღამით გამოიყენება.

თუ კბილების განლაგება ან თანკბილვა გაწუხებთ, ორთოდონტთან მისვლას ნუ გადადებთ. დაგეგმეთ ვიზიტი „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“, სადაც თქვენს ჰარმონიულ ღიმილზე ექსპერტი ორთოდონტები იზრუნებენ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს კბილების გასწორება?

კბილების გასწორების ფასი უნივერსალური არ არის, რადგან ღირებულება მკურნალობის გეგმაზე და შემთხვევის სირთულეზეა დამოკიდებული. ზუსტ თანხას ორთოდონტი კონსულტაციისა და დიაგნოსტიკის შემდეგ გეტყვით. კლინიკაში თანხის ეტაპობრივად გადახდა ან პარტნიორი ბანკების განვადებით სარგებლობა შეგიძლიათ.

საჭიროა თუ არა ორთოდონტიული მკურნალობისას კბილის ამოღება?

ყოველთვის არა. კბილის ამოღება მაშინ განიხილება, როდესაც კბილების გადასაადგილებლად საკმარისი სივრცე არ არის.

რამდენ ხანს გრძელდება კბილების გასწორება?

აქტიური მკურნალობა უმეტესად ერთიდან სამ წლამდე გრძელდება. ხანგრძლივობა დარღვევის სირთულეზე, შერჩეულ მეთოდსა და პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული.

მტკივნეულია თუ არა ბრეკეტების ან ელაინერების ტარება?

ბრეკეტების რეგულირების შემდეგ ან ახალი ელაინერის გამოყენების პირველ დღეებში კბილებზე ზეწოლის შეგრძნება შეიძლება გაჩნდეს, თუმცა ის ჩვეულებრივ რამდენიმე დღეში ქრება.

რატომ ირჩევენ პაციენტები NB Dental-ს?

„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკა“ 2010 წლიდან ფუნქციონირებს, ორთოდონტია კი კლინიკის ერთ-ერთი მთავარი საექსპერტო მიმართულებაა. კლინიკაში ორთოდონტიული მკურნალობა ციფრული ტექნოლოგიებით იგეგმება, ყველა საჭირო პროცედურა კი ერთ სივრცეში ტარდება. გამოცდილი ორთოდონტების გუნდი მართავს როგორც სტანდარტულ, ისე რთულ შემთხვევებს და საჭიროებისას სხვა პროფილის სპეციალისტებთან თანამშრომლობს. ორთოდონტები მკურნალობის თითოეულ ეტაპს პაციენტთან წინასწარ განიხილავენ და ნებისმიერ კითხვას დეტალურად პასუხობენ.

როგორ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე?

კონსულტაციის დასაგეგმად დაგვიკავშირდით ნომერზე (032 2) 32 22 27 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე info@nbdental.ge. კლინიკა საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩაზე, №1ა-ში მდებარეობს და ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:30-დან 20:00 საათამდე მუშაობს.

Call Now Button