კბილების ვინირება
ეკრანზე თუ სოციალურ ქსელებში ხშირად ვხედავთ საყვარელი მსახიობებისა და მომღერლების კაშკაშა ღიმილს, რომელიც იმდენად სახასიათო და ცნობილი გახდა, რომ მის აღსაწერად ტერმინიც – ჰოლივუდის ღიმილი – დამკვიდრდა. მსგავსი შედეგის მიღება ესთეტიკური სტომატოლოგიის სხვადასხვა მეთოდითაა შესაძლებელი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია კბილის ვინირება.
ეს ტერმინი შემთხვევით არ გაჩენილა და ვინირების ისტორია მართლაც ჰოლივუდს უკავშირდება. 1930-იან წლებში კალიფორნიელმა სტომატოლოგმა, ჩარლზ პინკუსმა, კინოსტუდიებისთვის თხელი ფირფიტები დაამზადა, რომლებსაც მსახიობებს გადაღებების წინ დროებით აკრავდნენ კბილებზე. თავდაპირველად ისინი მხოლოდ რამდენიმე საათს ძლებდა, რადგან კბილზე მყარად დამაგრების ტექნოლოგია ჯერ არ არსებობდა. მოგვიანებით განვითარდა მინანქარზე მათი დამაგრების მეთოდები და ვინირების გამოყენება უკვე ხანგრძლივი პერიოდითაც გახდა შესაძლებელი.
მომდევნო ათწლეულებში ვინირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა და ესთეტიკური სტომატოლოგიის ერთ-ერთ ცნობილ პროცედურად იქცა. დღეს ეს მეთოდი საქართველოშიც მოთხოვნადია და კბილების ვინირებისთვის პაციენტები ხშირად მიმართავენ „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკას“.
რა არის ვინირი და რა შემთხვევაში გამოიყენება?
ვინირი თხელი ფირფიტაა, რომელიც კბილის წინა, ხილულ ზედაპირს ფარავს და მისი ფერის, ფორმის ან მცირე დეფექტების კორექციისთვის გამოიყენება.
სტომატოლოგები ვინირებს ხშირად გვირჩევენ მაშინ, როცა კბილის ფერის შეცვლა გათეთრებით ვერ ხერხდება, მაგალითად, მედიკამენტებით გამოწვეული პიგმენტაციის დროს. მათი დახმარებით შეიძლება ჩამოტეხილი კიდის, კბილებს შორის არსებული სივრცის (დიასტემა), ასევე ფორმისა და ზომის მცირე განსხვავებების კორექციაც.
თუმცა ყველა შემთხვევაში ვინირი საუკეთესო არჩევანი არ არის. მაგალითად, თუ თანკბილვის დარღვევაა გამოხატული, მაშინ ორთოდონტიული მკურნალობა უნდა დაიგეგმოს. ძლიერ დაზიანებული ან გაბზარული კბილის კორექციისთვის კი სტომატოლოგმა შესაძლოა ვინირის ნაცვლად გვირგვინი გირჩიოთ.

რით განსხვავდება ფაიფურისა და კომპოზიტური ვინირები ერთმანეთისგან?
კბილის ვინირება შესაძლებელია როგორც ფაიფურის, ისე კომპოზიტური მასალით. ფაიფურის, იგივე კერამიკული, ვინირი ლაბორატორიაში მზადდება. ის სინათლეს ბუნებრივი მინანქრის მსგავსად ირეკლავს, ამიტომ კბილისგან ვიზუალურად თითქმის არ განსხვავდება. ყავა, ჩაი და წითელი ღვინო მის ფერზე ნაკლებად მოქმედებს, სწორი მოვლით კი ფაიფურის ვინირი საშუალოდ 10-დან 15 წლამდე, ზოგჯერ უფრო დიდხანსაც ძლებს.
კომპოზიტური ვინირი იგივე კბილების მხატვრული რესტავრაციაა. ამ პროცედურის დროს კომპოზიტური მასალა პირდაპირ კბილზე თავსდება და სტომატოლოგი მას ფორმას აძლევს. ფაიფურის ვინირისგან განსხვავებით, მხატვრული რესტავრაციისას მინანქრის დამუშავება საჭირო არ არის. თუმცა კომპოზიტი უფრო რბილი მასალაა, რის გამოც დროთა განმავლობაში შესაძლოა ფერი შეიცვალოს და სიპრიალეც დაკარგოს. მისი გამოყენების ვადაც შედარებით მოკლეა და საშუალოდ 5-დან 7 წლამდე პერიოდს შეადგენს.
ვის ერგება ვინირი და რა შემთხვევაში ჯობია პროცედურის გადავადება?
ვინირების გაკეთებამდე კბილები და ღრძილები ჯანმრთელი უნდა იყოს. ამიტომ თუ დიაგნოსტიკისას კარიესი, ღრძილების ანთება ან სხვა სტომატოლოგიური პრობლემა გამოვლინდა, ჯერ მისი მკურნალობაა საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კბილის ვინირება.
გასათვალისწინებელია ბრუქსიზმიც, ანუ კბილების უნებლიე ღრჭიალი, რომელიც უმეტესად ძილის დროს ვლინდება. ამ დროს კბილებზე ძლიერი დატვირთვა მოდის, რაც ვინირის დაზიანების ან ჩამოტეხვის რისკს აჩენს. ასეთ შემთხვევაში სტომატოლოგმა შესაძლოა ღამის დამცავი კაპა გირჩიოთ, რომელიც ძილის დროს ვინირზე დატვირთვას შეამცირებს და მას დაზიანებისგან დაიცავს.
როგორ ხდება კბილის ვინირება?
კბილის ვინირება კონსულტაციითა და დიაგნოსტიკით იწყება. სტომატოლოგი შეაფასებს კბილებისა და ღრძილების მდგომარეობას, მოისმენს თქვენს სურვილებს და მათზე დაყრდნობით შეარჩევს ვინირის ფერსა და ფორმას. ამ ეტაპზე ყურადღება მიექცევა სახის ნაკვთებს, კბილების ფორმასა და ფერს, რათა ღიმილი ბუნებრივად გამოიყურებოდეს.
შემდეგ კბილი ფაიფურის ვინირისთვის მზადდება. ამისთვის მინანქრის ძალიან თხელი ფენა, დაახლოებით 0,5-დან 0,7 მილიმეტრამდე, მუშავდება, რათა ვინირი კბილის ზედაპირზე სწორად განთავსდეს და მისი ბუნებრივი ფორმა შენარჩუნდეს.
ამის შემდეგ „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“ კბილების ციფრული სკანირება ტარდება. სკანერი კბილების ზუსტ სამგანზომილებიან გამოსახულებას ქმნის, მიღებული მონაცემები კი ლაბორატორიაში იგზავნება, სადაც ფაიფურის ვინირები მზადდება.

ბოლო ვიზიტზე სტომატოლოგი მზა ვინირებს კბილებზე სპეციალური მასალით ამაგრებს, ამოწმებს მათ ფორმას, ფერსა და თანკბილვას და საჭიროების შემთხვევაში შესწორებები შეაქვს.
როგორ უნდა მოუაროთ ვინირებს?
იმისთვის, რომ ვინირებმა ფერი, სიპრიალე და ფორმა დიდხანს შეინარჩუნოს, „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ სტომატოლოგები რამდენიმე რჩევას გიზიარებენ:
- გაიწმინდეთ კბილები დღეში ორჯერ და ამისთვის არააბრაზიული პასტა შეარჩიეთ, რათა ვინირის ზედაპირი არ დაიკაწროს;
- ყოველდღიურად გამოიყენეთ კბილის ძაფი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვინირის კიდესთან დაგროვილმა ნადებმა შესაძლოა ღრძილის ანთება გამოიწვიოს, დროთა განმავლობაში კი ფირფიტის კიდე უფრო შესამჩნევი გახდეს;
- ნუ გატეხავთ კბილებით კაკალს, ყინულს ან სხვა მყარ საკვებს. ასევე მოერიდეთ წინა კბილებით ძალიან მყარი საკვების ჩაკბეჩას;
- მოერიდეთ თამბაქოს მოწევას და ხშირად ნუ მიიღებთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც კბილების შეფერილობას ცვლის, მაგალითად, ყავას, ჩაისა და წითელ ღვინოს;
- ექვს თვეში ერთხელ ჩაიტარეთ პროფესიული წმენდა და გეგმიური შემოწმება. ვიზიტის დროს სტომატოლოგი ვინირების მდგომარეობასაც შეაფასებს და შესაძლო ცვლილებებს დროულად შეამჩნევს.
გაითვალისწინეთ, რომ ფაიფურის ვინირი გამათეთრებელი გელის ზემოქმედებით არ თეთრდება, ბუნებრივი კბილების ფერი კი დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. იმისთვის, რომ ვინირსა და მომიჯნავე კბილებს შორის ფერის სხვაობა შესამჩნევი არ გახდეს, რეგულარული ჰიგიენა და პროფესიული წმენდა ორმაგად მნიშვნელოვანია.
იმ ჰოლივუდური ღიმილის მისაღწევად, რომელიც ასე ძალიან ხიბლავს ყველას, მხოლოდ კბილების სითეთრე და იდეალურად სწორი ფორმა არ არის საკმარისი. საჭიროა, რომ ვინირის ფერი, ფორმა და ზომა სახის ნაკვთებისა და საერთო იერის გათვალისწინებით შეირჩეს. სწორედ ასე იქმნება ჰარმონიული და მომხიბვლელი ღიმილი „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“.

ხშირად დასმული კითხვები
მტკივნეულია თუ არა ვინირება?
კბილის ვინირება თითქმის უმტკივნეულო პროცედურაა. პირველ დღეებში კბილები შეიძლება ოდნავ მგრძნობიარე იყოს ცივ ან ცხელ საკვებზე, თუმცა ეს შეგრძნება თანდათან გაქრება.
აზიანებს თუ არა ვინირი კბილს?
ჩვენს კლინიკაში პროცედურას მინიმალური ჩარევით ვატარებთ, რათა კბილის ჯანსაღი ქსოვილი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. ვინირის გაკეთება, როგორც წესი, არ მოითხოვს ენდოდონტიურ მკურნალობას (ნერვის ამოღებას) და კბილი სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს. პროცედურის დაწყებამდე სტომატოლოგი დეტალურად აფასებს პირის ღრუს მდგომარეობას და მკურნალობას ისე გეგმავს, რომ სასურველ ესთეტიკურ შედეგთან ერთად კბილის ჯანმრთელობაც შენარჩუნდეს.
რა უნდა გავაკეთო, თუ ვინირი მოძვრა ან დაზიანდა?
თუ ვინირი მოძვრა, შეინახეთ და დაუკავშირდით კლინიკას. სტომატოლოგთან ვიზიტი არ გადადოთ, რადგან ზოგ შემთხვევაში მისი ხელახლა დამაგრება შესაძლებელია. ნუ ეცდებით ვინირის სახლში მიწებებას, რადგან საყოფაცხოვრებო წებომ შეიძლება დააზიანოს როგორც კბილი, ისე თავად ფირფიტა.
რატომ ირჩევენ პაციენტები „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკას“?
„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკა“ 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მთავარი მიმართულება ორთოდონტიაა. კლინიკის სტომატოლოგიური სერვისები თერაპიულ, ესთეტიკურ და სხვა მიმართულებებსაც მოიცავს. გუნდში სხვადასხვა სპეციალობის ექიმები მუშაობენ და თუ მკურნალობისას რამდენიმე მათგანის ჩართვაა საჭირო, ისინი პროცესს ერთმანეთთან შეთანხმებით გეგმავენ. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სასურველი შედეგის მისაღწევად მკურნალობის რამდენიმე მეთოდის გამოყენებაა აუცილებელი.
როგორ ჩავეწერო კონსულტაციაზე?
კონსულტაციის დასაგეგმად დაუკავშირდით „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკას“ ნომერზე (032 2) 32 22 27 ან მიწერეთ ელფოსტაზე info@nbdental.ge.
კლინიკა საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩის №1ა-ში მდებარეობს და ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:30-დან 20:00 საათამდე ფუნქციონირებს.