კბილების გათეთრება - მომსახურება და პროცედურები

სტომატოლოგი მიკროსკოპით მუშაობს კბილების გათეთრებამდე NB Dental-ში

ამერიკის კოსმეტიკური სტომატოლოგიის აკადემიის (AACD) მონაცემებით, კბილების გათეთრება ესთეტიკურ სტომატოლოგიურ პროცედურებს შორის ყველაზე მოთხოვნადია. ეს ფაქტი „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკის“ სტომატოლოგებს ნამდვილად არ უკვირთ, რადგან ყავის, ჩაის, წითელი ღვინისა და თამბაქოს ზემოქმედებით კბილის ფერი თითქმის ყველა ადამიანს ეცვლება. ასაკთან ერთად კი მინანქარი თავისთავად თხელდება და მის ქვეშ არსებული მოყვითალო შეფერილობის დენტინი უფრო შესამჩნევი ხდება.

ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ კბილების გათეთრების თანამედროვე მეთოდი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. 1960-იან წლებში ამერიკელმა ორთოდონტმა უილიამ კლუსმაიერმა პაციენტებს ღრძილების სამკურნალოდ კარბამიდის პეროქსიდის გელი დაუნიშნა. მკურნალობის პროცესში მან შენიშნა, რომ გელი არა მხოლოდ ღრძილებზე მოქმედებდა, არამედ კბილებსაც ათეთრებდა.

რა არის კბილების გათეთრება და რით განსხვავდება ის პროფესიული წმენდისგან?

შეიძლება თქვენც, ჩვენი ბევრი პაციენტის მსგავსად, კბილების გათეთრება და პროფესიული წმენდა ერთი და იგივე პროცედურა გეგონოთ, თუმცა ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული სტომატოლოგიური სერვისებია.

პროფესიული ჰიგიენით კბილები ნადებისგან, ზედაპირული ლაქებისა და ქვებისგან იწმინდება და ბუნებრივ ფერს იბრუნებს. ამიტომ, თუ მინანქარზე მკრთალი, მოყვითალო ლაქები შენიშნეთ, შესაძლოა, მათ მოსაშორებლად მხოლოდ კბილების პროფესიული წმენდა საკმარისი იყოს.

კბილების გათეთრება კი თავად კბილის ბუნებრივ ტონს ცვლის. ამ დროს სპეციალური გელი კბილის ქსოვილში არსებულ პიგმენტებზე ზემოქმედებს, რის შედეგადაც მინანქარი რამდენიმე ტონით ღიავდება.

კბილების გათეთრების რომელი მეთოდები არსებობს?

კბილების გათეთრება შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც კლინიკაში, ისე სახლში, სტომატოლოგის მიერ დამზადებული ინდივიდუალური კაპებით (პროცედურა აუცილებლად ექიმის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს და არა თვითნებურად).

სტომატოლოგები პაციენტს პროცედურას უტარებენ NB Dental-ში

კბილების ქიმიური გათეთრება

ქიმიური გათეთრებისას კბილებზე წყალბადის ან კარბამიდის პეროქსიდის შემცველი გელი დაიტანება. გელი მინანქარში აღწევს და გამუქებულ პიგმენტებს შლის, რის შედეგადაც კბილები ღიავდება. კლინიკაში გამოყენებული პრეპარატი მოქმედ ნივთიერებას შედარებით მაღალი კონცენტრაციით შეიცავს, საშუალოდ 25%-დან 40%-მდე, ამიტომ სტომატოლოგი პროცედურამდე ღრძილებს სპეციალური დამცავი მასალით ფარავს. ერთი ვიზიტი უმეტესად 60-დან 90 წუთამდე გრძელდება, შედეგი კი იმავე დღეს შესამჩნევია.

კბილების გათეთრება ლაზერით

ამ მეთოდით გათეთრების შემთხვევაშიც იგივე გელი გამოიყენება, თუმცა მას ლაზერის სხივით ააქტიურებენ. შედეგი ერთ ვიზიტშივე ჩანს, თუმცა ლაზერის ზემოქმედების გამო კბილები ოდნავ მგრძნობიარე ხდება. თუ პროცედურამდეც უჩიოდით მომატებულ მგრძნობელობას, ამის შესახებ სტომატოლოგს წინასწარ უთხარით, რათა მან გელის კონცენტრაცია სწორად შეარჩიოს და პროცედურის ხანგრძლივობა განსაზღვროს.

კბილების გათეთრება სახლის პირობებში

კბილების გათეთრება სახლში დასაშვებია, თუ პროცესს სტომატოლოგი გეგმავს და აკონტროლებს. ექიმი კბილების ანაბეჭდის მიხედვით ინდივიდუალურ კაპებს ამზადებს და შედარებით დაბალი კონცენტრაციის გელს არჩევს (10%-დან 16%-მდე კარბამიდის პეროქსიდის შემცველობით). კაპები სტომატოლოგის მითითებით დღეში რამდენიმე საათით უნდა ატაროთ, ცვლილებას კი დაახლოებით ერთ ან ორ კვირაში დაინახავთ.

გაფრთხილება: აფთიაქებში არსებული მზა გამათეთრებელი საშუალებების არასწორმა ან ხშირმა გამოყენებამ შეიძლება კბილების მგრძნობელობა და ღრძილების გაღიზიანება გამოიწვიოს. ამიტომ, თუ კბილების სახლში გათეთრებას გეგმავთ, უსაფრთხო მეთოდის შესარჩევად ჯერ სტომატოლოგს მიმართეთ.

შეიძლება თუ არა დაბჟენილი კბილის გათეთრება?

დაბჟენილი კბილის გათეთრება შეიძლება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ გამათეთრებელი გელი მხოლოდ კბილის ბუნებრივ ქსოვილზე მოქმედებს. ბჟენი, გვირგვინი ან ვინირი ფერს არ იცვლის, ამიტომ პროცედურის შემდეგ კბილების ახალ ტონთან შედარებით შეიძლება უფრო მუქად გამოჩნდეს.

თუ ფერის ეს სხვაობა ღიმილის დროს შესამჩნევია, სტომატოლოგი ბჟენს გათეთრებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ განაახლებს, როცა საბოლოო ტონი გამოიკვეთება. მხატვრული რესტავრაციის დროს ის ახალ ფერთან შესაბამის მასალას შეარჩევს, რომ სხვაობა შესამჩნევი არ იყოს.

ვისთვის არის რეკომენდებული?

კბილების გათეთრება არ ტარდება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე 18 წლამდე ასაკში. ბავშვებისა და მოზარდებისთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია რეგულარული შემოწმება და კარიესის დროული მკურნალობა, მათ შორის სარძევე კბილებზეც.

თუ აქტიური კარიესი ან ღრძილების ანთება გაქვთ, გათეთრების პროცედურა მკურნალობის დასრულებამდე უნდა გადავადდეს, რადგან გამათეთრებელმა გელმა დაზიანებული ადგილი შეიძლება კიდევ უფრო გააღიზიანოს.

როგორ შევინარჩუნოთ მიღებული შედეგი?

გათეთრების შემდეგ სტომატოლოგი გირჩევთ, რომ პირველი ორი დღის განმავლობაში ყავას, ჩაის, წითელ ღვინოს, მუქი ფერის სოუსებსა და თამბაქოს მოერიდოთ. კვების ამ წესს „თეთრ დიეტას“ უწოდებენ და გათეთრებიდან პირველი ორი დღის განმავლობაში მისი დაცვა აუცილებელია.

შედეგი უფრო დიდხანს შენარჩუნდება, თუ კბილებს დღეში ორჯერ გაიხეხავთ, ყოველდღე გამოიყენებთ კბილის ძაფს და ექვს თვეში ერთხელ პროფესიულ წმენდას ჩაიტარებთ. გათეთრებით მიღებული ფერი სწორი მოვლით სამ წლამდე შეიძლება შენარჩუნდეს, თუმცა ეს პერიოდი კვების ჩვევებსა და თამბაქოს მოხმარებაზეც არის დამოკიდებული.

„შენი ღიმილისთვის“ - წარწერა NB Dental-ის მისაღებში სხვადასხვა ენაზე

გახსოვდეთ, რომ კბილების გათეთრებისას ყველაზე ღია ტონი ყოველთვის საუკეთესო არჩევანი არ არის. მთავარია, მიღებული ფერი ბუნებრივად გამოიყურებოდეს და თქვენს მოლოდინსაც შეესაბამებოდეს. დაგეგმეთ ვიზიტი „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“, სადაც გამოცდილი სტომატოლოგები კბილების მდგომარეობას ყურადღებით შეაფასებენ და მთელი პროცედურის განმავლობაში თქვენს სიმშვიდესა და კომფორტზე იზრუნებენ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს კბილების გათეთრება?

კბილების გათეთრების ფასი ყველასთვის ერთნაირი არ არის, რადგან თანხა არჩეულ მეთოდზე, სეანსების რაოდენობასა და კბილების საწყის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ზუსტ ღირებულებას სტომატოლოგი კონსულტაციისა და პირის ღრუს დათვალიერების შემდეგ გეტყვით. გადახდა შეგიძლიათ ეტაპობრივად ან პარტნიორი ბანკების განვადებით.

მტკივნეულია თუ არა კბილების გათეთრება?

უმეტეს შემთხვევაში პროცედურა მტკივნეული არ არის. ზოგიერთ პაციენტს პირველ დღეებში დროებითი მგრძნობელობა აწუხებს, განსაკუთრებით ცივი ან ცხელი საკვების მიღებისას, თუმცა ის მალე ქრება. მგრძნობელობის შესამცირებლად ექიმმა შეიძლება სპეციალური პასტა ან ფტორირება გირჩიოთ.

აზიანებს თუ არა გათეთრება მინანქარს?

სტომატოლოგის მეთვალყურეობითა და სწორად შერჩეული გელით ჩატარებული გათეთრება მინანქრისთვის უსაფრთხოა. კბილების მგრძნობელობისა და ღრძილების გაღიზიანების რისკი იზრდება, როცა მაღალი კონცენტრაციის გელი ან აბრაზიული საშუალება ექიმის რჩევის გარეშე ან ზედმეტად ხშირად გამოიყენება.

რამდენჯერ შეიძლება პროცედურის გამეორება?

გათეთრების პროცედურებს შორის უნივერსალური ინტერვალი არ არსებობს. ის მიღებულ შედეგზე, კბილების მგრძნობელობასა და ყოველდღიურ ჩვევებზეა დამოკიდებული, ამიტომ სტომატოლოგი მას ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

შეიძლება თუ არა კბილების გათეთრება ბრეკეტების ტარებისას?

თუ ბრეკეტების ჩასმას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ კბილების გათეთრება მათი მოხსნის შემდეგ არის რეკომენდებული.

რატომ ირჩევენ პაციენტები „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკას“?

„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკა“ 2010 წლიდან ფუნქციონირებს და დღეს თბილისში ორი ფილიალი აქვს: ერთი ზრდასრულებისთვის, მეორე კი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. კლინიკაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები და ხარისხიანი მასალები გამოიყენება. ექიმები პროცედურის თითოეულ ეტაპს წინასწარ განიხილავენ, კითხვებს გასაგებად პასუხობენ და ვიზიტის განმავლობაში თქვენს სიმშვიდესა და კომფორტზე ზრუნავენ.

როგორ ჩავეწერო კონსულტაციაზე?

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (032 2) 32 22 27 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე info@nbdental.ge. ორივე ფილიალი საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩის №1ა-ში მდებარეობს. კლინიკა მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე.

Call Now Button