როგორ გავიყუჩოთ ძლიერი კბილის ტკივილი და როდის მივმართოთ სტომატოლოგს?

სტომატოლოგი კბილს მიკროსკოპით მკურნალობს NB Dental-ში

ძლიერი კბილის ტკივილის სახლში სრულად მოხსნა შეუძლებელია, თუმცა ზოგიერთი საშუალება დროებით შვებას იძლევა. ამ ბლოგში კი სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა შეგიმსუბუქებთ დისკომფორტს „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“ სტუმრობამდე. ასევე აგიხსნით, რომელ გავრცელებულ მეთოდებს უნდა მოერიდოთ, რათა კბილი და ლორწოვანი გარსი არ დაიზიანოთ, და რატომ არ უნდა გადადოთ სტომატოლოგთან მისვლა.

რატომ გვტკივა კბილი ასე ძლიერად?

სანამ განვიხილავთ, როგორ გავიყუჩოთ ძლიერი კბილის ტკივილი, გავარკვიოთ, რა იწვევს მას. კარიესის დროს ტკივილის სიძლიერე იმაზეა დამოკიდებული, კბილის რომელ ქსოვილამდე მიაღწია დაზიანებამ.

კბილის გარე შრე, მინანქარი, ნერვულ დაბოლოებებს არ შეიცავს, ამიტომ ზედაპირული კარიესი ტკივილის გარეშე ვითარდება. როცა დაზიანება მინანქრის ქვეშ არსებულ დენტინამდე ჩადის, კბილი ცივ, ცხელ ან ტკბილ საკვებზე მგრძნობიარე ხდება. ამ დროს ტკივილი ხანმოკლეა და მალევე ქრება.

პულპა კბილის შიდა ქსოვილია, რომელშიც ნერვები და სისხლძარღვები გადის. მის ანთებას, პულპიტს, ხშირად სპონტანური, მძაფრი ტკივილი ახასიათებს, რომელიც გამღიზიანებლის გარეშეც იწყება და ღამით ძლიერდება. წოლისას თავის მიდამოში სისხლის მიწოდება იმატებს, ანთებულ ქსოვილზე წნევა იზრდება და ტკივილიც მძაფრდება. ამიტომ კბილის ტკივილი, რომელიც დღისით შედარებით ასატანი იყო, ღამით შეიძლება ისე გაძლიერდეს, რომ გაგაღვიძოთ.

მკურნალობის გარეშე ანთება კბილის ფესვის ირგვლივ არსებულ ქსოვილებზეც შეიძლება გავრცელდეს და პერიოდონტიტი ან ჩირქოვანი კერა, აბსცესი, ჩამოყალიბდეს. ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად სტომატოლოგთან ვიზიტი უნდა დაგეგმოთ და ტკივილის თავისით გავლას არ დაელოდოთ.

როგორ შეგიძლიათ შეამსუბუქოთ ტკივილი მანამ, სანამ სტომატოლოგთან მიხვალთ?

კბილის ტკივილი დროებით რომ შეიმსუბუქოთ, შეგიძლიათ ურეცეპტოდ გასაცემი ტკივილგამაყუჩებელი მიიღოთ, თუმცა ანოტაციაში მითითებული დოზა და მიღებებს შორის ინტერვალი აუცილებლად უნდა დაიცვათ. თუ ქრონიკული დაავადება გაქვთ ან სხვა მედიკამენტს იღებთ, შესაფერისი პრეპარატი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევით შეარჩიეთ.

ტკივილს ცივი კომპრესიც ამცირებს. ცივი საფენი ქსოვილში გაახვიეთ და ლოყაზე გარედან დაახლოებით 15 წუთით მიიდეთ. სიცივე სისხლძარღვებს ავიწროებს, შეშუპებას ამცირებს და კანს დროებით აბუჟებს. განმეორებით გამოყენებამდე სულ მცირე ერთი საათი დაიცადეთ, რათა სიცივემ კანი არ დაგიზიანოთ.

პირის ღრუში თბილი მარილიანი წყლის გამოვლება საკვების ნარჩენებს აშორებს და გაღიზიანებულ ლორწოვანს ამშვიდებს. ერთ ჭიქა თბილ წყალში ნახევარი ჩაის კოვზი მარილი გახსენით, ფრთხილად გამოივლეთ და ხსნარი გადაანერწყვეთ. ღამით კი ეცადეთ, თავი ოდნავ შემაღლებულ ბალიშზე დადოთ, რათა კბილში წნევა შემცირდეს და ტკივილმა ნაკლებად შეგაწუხოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ჩამოთვლილი საშუალებები ტკივილს მხოლოდ დროებით შეგიმსუბუქებთ და მის გამომწვევ მიზეზს ვერ აღმოფხვრის. ამიტომ სტომატოლოგთან ვიზიტი და კბილის დაბჟენა მაშინაც არ გადადოთ, თუ თავს უკეთ იგრძნობთ.

რომელი გავრცელებული საშუალება აზიანებს კბილსა და ლორწოვანს?

ახლობლებისგან ხშირად ვისმენთ რჩევებს, როგორ გავიყუჩოთ ძლიერი კბილის ტკივილი. ეს მეთოდები თაობიდან თაობას გადაეცემა და დღემდე გამოიყენება. თუმცა მათ შორის ისეთებიცაა, რომლებიც კბილსა და ლორწოვან გარსს აზიანებს.

ასეთი მეთოდია დაზიანებულ კბილზე ან ღრძილზე ასპირინის ტაბლეტის დადება. ასპირინი მჟავაა, ამიტომ ლორწოვანთან ხანგრძლივი შეხებისას ქიმიური დამწვრობა შეიძლება გამოიწვიოს. პრეპარატი ტკივილს მიღებისა და სისხლში მოხვედრის შემდეგ აყუჩებს.

იგივე ითქმის პირის ღრუში სპირტიანი სასმლის გამოვლებაზეც. შეიძლება დროებითი გაბუჟება ნამდვილად იგრძნოთ, თუმცა ალკოჰოლი ლორწოვანს აღიზიანებს და აშრობს, კბილის შიგნით მიმდინარე ანთებას კი ვერ აჩერებს.

სიფრთხილე გმართებთ თბილი კომპრესის გამოყენებისასაც. შესაძლოა თავდაპირველად შვება იგრძნოთ, თუმცა სითბო სისხლის მიწოდებას ზრდის, ამიტომ შეშუპებულ ლოყაზე თბილი საფენი არ დაიდოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ კბილის ფესვთან ჩირქოვანი კერაა.

რატომ შეიძლება ძლიერი კბილის ტკივილი თავისით გაქრეს?

ძლიერი ანთების შედეგად კბილის ნერვი ზოგჯერ კვდება და ტკივილიც წყდება, თუმცა არსებული ინფექცია ამით არ ქრება და არხების მკურნალობა კვლავ საჭიროა. ამიტომ რამდენიმე დღის ძლიერი ტკივილის შემდეგ შვებამ სტომატოლოგთან ვიზიტი არ გადაგაფიქრებინოთ.

როდის შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი დახმარება?

თუ კბილის ტკივილთან ერთად ლოყა ან სახე შეგიშუპდათ ან სიცხე გაქვთ, არ შეშინდეთ და სტომატოლოგს იმავე დღეს მიმართეთ. ვიზიტი არც მაშინ გადადოთ, თუ ტკივილი ორ დღეზე მეტხანს გრძელდება ან ტკივილგამაყუჩებლის მიღების შემდეგაც არ გიმსუბუქდებათ.

სტომატოლოგი პაციენტის კბილებს სინჯავს NB Dental-ში

როგორ უნდა აიცილოთ თავიდან კბილის ძლიერი ტკივილი?

კარიესის პრევენციისთვის პირის ღრუს რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმება და საჭიროებისამებრ კბილების პროფესიული წმენდაა რეკომენდებული. ვიზიტები სასურველია ყოველ ექვს თვეში ერთხელ დაიგეგმოს.

რეგულარულ შემოწმებასთან ერთად ყოველდღიური ჰიგიენის დაცვაც აუცილებელია. ამისთვის კბილები დღეში ორჯერ ფტორის შემცველი პასტით გაიწმინდეთ, კბილებს შორის სივრცეები ყოველდღე სპეციალური ძაფით გაისუფთავეთ და ტკბილეული ზომიერად მიირთვით.

კბილების ციფრული სკანირება პროფილაქტიკური შემოწმებისას NB Dental-ში

თუ კბილის ტკივილი ახლა გაწუხებთ ან ბოლო დღეებში გქონდათ, ვიზიტს ნუ გადადებთ. დაგეგმეთ კონსულტაცია „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკაში“. ჩვენი გუნდი ტკივილის მიზეზს დაადგენს და მკურნალობას მშვიდ, კომფორტულ გარემოში ჩაგიტარებთ.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ ხანში უნდა მივმართო სტომატოლოგს, თუ კბილის ტკივილი თავისით გამიყუჩდა?

ვიზიტი უახლოეს დღეებში დაგეგმეთ, რადგან ტკივილის ჩაცხრობა ყოველთვის გამოჯანმრთელებაზე არ მიუთითებს და ზოგჯერ ნერვის დაზიანებას უკავშირდება. დროული შემოწმება და მკურნალობა კბილის შენარჩუნების შანსს ზრდის.

როგორ გავიყუჩოთ ძლიერი კბილის ტკივილი ღამით?

დროებითი შვებისთვის ტკივილგამაყუჩებელი ანოტაციის დაცვით მიიღეთ ან ლოყაზე გარედან ქსოვილში გახვეული ცივი კომპრესი დაიდეთ. დაწოლისას თავი ოდნავ შემაღლებულ ბალიშზე მოათავსეთ.

შეიძლება თუ არა კბილის ტკივილის დროს ანტიბიოტიკის დამოუკიდებლად მიღება?

ანტიბიოტიკი მხოლოდ სტომატოლოგის დანიშნულებით მიიღეთ, რადგან პრეპარატის შერჩევა ინფექციის ხასიათსა და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. კბილის ტკივილის დროს ანტიბიოტიკი ყოველთვის საჭირო არ არის და უშუალოდ კბილის მკურნალობას ვერ ჩაანაცვლებს.

მტკივნეულია თუ არა კბილის მკურნალობა ძლიერი ტკივილის დროს?

მკურნალობა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება, რათა პროცედურისას ტკივილი არ იგრძნოთ. ინექციამ შესაძლოა ხანმოკლე დისკომფორტი გამოიწვიოს. სტომატოლოგი გაუტკივარების მეთოდს კბილის მდგომარეობის მიხედვით არჩევს და მკურნალობის დაწყებამდე ამოწმებს, საკმარისად გაყუჩდა თუ არა კბილი.

მკურნალობს თუ არა კლინიკა ბავშვებს?

დიახ, პატარა პაციენტებს NB Dental KIDS-ის ფილიალი ემსახურება (დავით თავხელიძის ქუჩა №1), სადაც ბავშვთა სტომატოლოგები სარძევე კბილებსაც მკურნალობენ. სარძევე კბილის ტკივილის დროსაც დროულად მიმართეთ სტომატოლოგს, რადგან ანთებამ შესაძლოა მუდმივი კბილის ჩანასახის განვითარებაზეც იმოქმედოს.

რატომ ირჩევენ პაციენტები „ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკას“?

„ნბ დენტალი-ნინო ბერიძის კლინიკა“ 2010 წლიდან ფუნქციონირებს და თბილისში ორი ფილიალი აქვს. სტომატოლოგიური სერვისები როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. კლინიკაში თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხარისხიან მასალებს იყენებენ.

როგორ ჩავეწერო კონსულტაციაზე?

კონსულტაციის დასაგეგმად დაგვიკავშირდით ნომერზე (032 2) 32 22 27 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე info@nbdental.ge. ზრდასრულთა ფილიალი საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩის №1ა-ში მდებარეობს. პაციენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:30-დან 20:00 საათამდე ვიღებთ.

სად წავიკითხო მეტი კბილების მოვლისა და მკურნალობის შესახებ?

ამ თემებზე დამატებით ინფორმაციას კლინიკის ვებგვერდზე ნახავთ. ჩვენი ბლოგი სტომატოლოგიის შესახებ კბილების ყოველდღიურ მოვლას, გავრცელებულ პრობლემებსა და მკურნალობის მეთოდებს ეძღვნება. კონკრეტული ჩივილის შემთხვევაში კი სტომატოლოგთან კონსულტაცია დაგეგმეთ.

Call Now Button