მხატვრული რესტავრაცია

თერაპიული ანუ მხატვრული რესტავრაცია არის თანამედროვე სტომატოლოგიური პროცედურა, რომელიც გამოიყენება დაზიანებული ან ესთეტიკურად შეცვლილი კბილების აღსადგენად. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა აღდგეს კბილის ბუნებრივი ფორმა, ფერი და სტრუქტურა სპეციალური კომპოზიტური მასალის გამოყენებით.
მხატვრული რესტავრაცია განსაკუთრებით პოპულარულია ესთეტიკურ სტომატოლოგიაში, რადგან შედეგი მაქსიმალურად ჰგავს ბუნებრივ კბილს და აუმჯობესებს ღიმილის ვიზუალს.
ზოგჯერ კბილის ფორმის ან ფერის მცირე ცვლილებაც საკმარისია, რომ ღიმილის დროს თავი უხერხულად იგრძნოთ. მიზეზი შეიძლება იყოს ჩამოტეხილი კიდე, ძველი და ფერშეცვლილი ბჟენი ან კბილებს შორის დარჩენილი სივრცე. თუმცა, საბედნიეროდ, ასეთი მცირე ნაკლოვანებების გამოსწორება კბილების მხატვრული რესტავრაციით შეიძლება და ამისთვის სტომატოლოგიურ კლინიკა NB Dental-ში ერთი ვიზიტიც კი საკმარისია.
რა არის კბილების მხატვრული რესტავრაცია?
მხატვრული რესტავრაციისას სტომატოლოგი კბილის ფორმას, ფერსა და ზედაპირს კომპოზიტური საბჟენი მასალით აღადგენს, რომელიც ბუნებრივ მინანქარს ძალიან ჰგავს. ექიმი კომპოზიტს მხოლოდ დაზიანებულ ან შესასწორებელ ნაწილზე თხელ ფენებად ათავსებს და კბილს სასურველ ფორმას თანდათან აძლევს. ჩარევა მხოლოდ დაზიანებულ უბანზე ხდება, ამიტომ ჯანსაღი ქსოვილი თითქმის არ ზიანდება, რაც ამ პროცედურის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

კბილების მხატვრული რესტავრაცია საშუალოდ 1-დან 1.5 საათამდე გრძელდება. პროცედურამდე კბილის მსუბუქი დამუშავებაა საჭირო, ამიტომ ის ძირითადად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სტომატოლოგი ადგილობრივ ანესთეზიასაც გამოიყენებს.
როდის არის საჭირო მხატვრული რესტავრაცია?
ამ პროცედურით შესაძლებელია როგორც დაზიანებული კბილის აღდგენა, ისე მისი ფორმისა და ფერის ნაკლოვანებების გამოსწორება.
სტომატოლოგმა კბილების მხატვრული რესტავრაცია შეიძლება გირჩიოთ, თუ:
- კბილი ჩამოგტყდათ ან მის ზედაპირზე ბზარი გაჩნდა;
- კბილს ან ძველ ბჟენს ფერი შეეცვალა;
- კბილებს შორის სივრცე გაქვთ, რომელსაც დიასთემა ან ტრემა ეწოდება;
- კარიესმა ან სხვა დაზიანებამ კბილის ფორმა შეცვალა;
- კბილის მინანქარი გაცვდა.
კბილების მხატვრული რესტავრაცია თუ ვინირებით კორექცია?
კბილის ფორმისა და ფერის გამოსასწორებლად მხატვრულ რესტავრაციასთან ერთად ვინირებიც გამოიყენება. ვინირი თხელი კერამიკული ფირფიტაა, რომელსაც სტომატოლოგი კბილის წინა ზედაპირზე ამაგრებს და ამისთვის, მხატვრული რესტავრაციისგან განსხვავებით, მინანქარს მსუბუქად ამუშავებს.
პროცედურები საჭირო ვიზიტების რაოდენობითაც განსხვავდება. მაგალითად, ვინირი ლაბორატორიაში მზადდება და მის დასამაგრებლად კლინიკაში რამდენჯერმე მისვლაა საჭირო, კბილების მხატვრული რესტავრაცია კი უმეტესად ერთ ვიზიტში სრულდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კერამიკა კომპოზიტზე უფრო გამძლეა, ფერსაც დიდხანს ინარჩუნებს და ნაკლებად ცვდება, ამიტომ თუ ნაკლოვანება თვალსაჩინოა ან რამდენიმე კბილის ფორმისა და ფერის შეცვლა გსურთ, სტომატოლოგმა შეიძლება ვინირები გირჩიოთ.
თუ პრობლემა პათოლოგიურ თანკბილვას უკავშირდება, მხატვრული რესტავრაციითა და ვინირებით კბილების განლაგება ვერ შეიცვლება, ამიტომ შესაძლოა ორთოდონტიული მკურნალობა დაგჭირდეთ. მეთოდის შერჩევისას სტომატოლოგი კბილისა და პირის ღრუს მდგომარეობას შეაფასებს, თქვენს სურვილებსაც გაითვალისწინებს და გეტყვით, რომელი მეთოდი იქნება ყველაზე ეფექტური.
რამდენ ხანს ძლებს შედეგი და როგორ უნდა მოუფრთხილდეთ მას?
სწორი მოვლით აღდგენილი კბილი ფორმასა და ფერს წლების განმავლობაში ინარჩუნებს. თუმცა შედეგის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს პირის ღრუს ჰიგიენა, კვების ჩვევები და ისიც, რამდენად დიდი დატვირთვა მოდის აღდგენილ კბილზე.
რესტავრაციის შედეგის შესანარჩუნებლად NB Dental-ის საუკეთესო სტომატოლოგები გირჩევენ:
- კბილები დღეში ორჯერ გაიწმინდეთ და ყოველდღე გამოიყენეთ კბილის ძაფი ან კბილთაშორისი ჯაგრისი;
- რესტავრაციის შემდეგ პირველ დღეებში შეზღუდეთ ყავის, ჩაის, წითელი ღვინისა და სხვა მუქი ფერის სასმელების მიღება;
- მოერიდეთ ძალიან მყარი საკვების ღეჭვას, რადგან ზედმეტმა დატვირთვამ კომპოზიტი შეიძლება გაბზაროს;
- ექვს თვეში ერთხელ ეწვიეთ სტომატოლოგს პროფილაქტიკური შემოწმებისთვის. ვიზიტისას ის რესტავრაციის მდგომარეობას შეაფასებს და საჭიროების შემთხვევაში მის ზედაპირს ხელახლა გააპრიალებს.
კბილების მხატვრული რესტავრაცია NB Dental-ში
NB Dental-ში კბილების მხატვრულ რესტავრაციას ესთეტიკურ სტომატოლოგიაში გამოცდილი ექიმები ატარებენ, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მაღალი ხარისხის კომპოზიტური მასალებით მუშაობენ.

მობრძანდით კონსულტაციაზე, სადაც ექიმი-სტომატოლოგი პირის ღრუს მდგომარეობას შეაფასებს, თქვენს სურვილებს მოისმენს და კითხვებსაც ამომწურავად უპასუხებს. შემდეგ მასთან ერთად განიხილავთ, რომელი კბილის აღდგენაა საჭირო, როგორ ჩაივლის პროცედურა და რა შედეგის მოლოდინი უნდა გქონდეთ. მთელი ვიზიტის განმავლობაში კი ჩვენი გუნდი იზრუნებს, რომ თავი მშვიდად და კომფორტულად იგრძნოთ.
თუ კბილის ფორმის ან ფერის გაუმჯობესება გსურთ, დაჯავშნეთ ვიზიტი სტომატოლოგთან. დაგვირეკეთ ნომერზე 032 2 32 22 27 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე info@nbdental.ge. კლინიკა საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩის №1ა-ში მდებარეობს და ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:30 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობს.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს მხატვრული რესტავრაცია?
მხატვრული რესტავრაციის ფასი დამოკიდებულია აღსადგენი კბილების რაოდენობაზე, დაზიანების ზომასა და იმაზე, საჭიროა თუ არა დამატებითი მკურნალობა. კონსულტაციის დროს სტომატოლოგი კბილების მდგომარეობას შეაფასებს, მკურნალობის გეგმას შეადგენს და რესტავრაციის ზუსტ ღირებულებას გეტყვით.
მტკივნეულია თუ არა პროცედურა?
საჭიროების შემთხვევაში სტომატოლოგი ადგილობრივ ანესთეზიას გამოიყენებს, ამიტომ პროცედურის დროს ტკივილს არ იგრძნობთ. თუ კბილს მხოლოდ მცირე ზედაპირული კორექცია სჭირდება, გაყუჩება, როგორც წესი, საჭირო არ არის.
ტარდება თუ არა პროცედურა ცოცხალ და მკვდარ კბილებზე?
მხატვრული რესტავრაცია კეთდება როგორც ვიტალურ, ანუ ცოცხალ კბილებზე, ისე დევიტალურ კბილებზე, რომლებიდანაც ნერვი ამოღებულია. ცოცხალ კბილზე მხატვრული რესტავრაცია ჩვეულებრივ უფრო დიდხანს ძლებს, რადგან კბილის ქსოვილი სისხლძარღვებიდან იკვებება. დევიტალური კბილის შემთხვევაში სტომატოლოგი ჯერ არხების დამუშავების ხარისხს ამოწმებს და აღდგენას მხოლოდ ამის შემდეგ გეგმავს.
თუ კბილები დაშორებულია ან არასწორად დგას, ჯერ გასწორება მჭირდება?
მცირე დაშორება ზოგჯერ კომპოზიტითაც იხურება, ამიტომ კბილების გასწორება ყოველთვის აუცილებელი არ არის. თუ პრობლემა მათ განლაგებას ან თანკბილვას უკავშირდება, რესტავრაციამდე ორთოდონტიული მკურნალობა დაგჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში ორთოდონტი კონსულტაციაზე პირის ღრუს მდგომარეობას შეაფასებს და გეტყვით, როგორ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.
უტარდებათ თუ არა მხატვრული რესტავრაცია ბავშვებსა და მოზარდებს?
დიახ, თუმცა ბავშვთა სტომატოლოგმა ჯერ კბილის მდგომარეობა და განვითარების ეტაპი უნდა შეაფასოს, შემდეგ კი აღდგენის მეთოდი შეარჩიოს. NB Dental KIDS-ის ფილიალში პატარა პაციენტების პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ბავშვთა სტომატოლოგები ზრუნავენ.
იცვლის თუ არა კომპოზიტი ფერს და შეიძლება თუ არა კბილების გათეთრება რესტავრაციის შემდეგ?
კომპოზიტის ფერი შეიძლება ოდნავ შეიცვალოს, განსაკუთრებით თუ ხშირად სვამთ ყავას, ჩაის, წითელ ღვინოს ან მიირთმევთ მუქი ფერის საკვებს. გათეთრებისას მხოლოდ ბუნებრივი მინანქარი თეთრდება, კომპოზიტის ფერი კი უცვლელი რჩება, ამიტომ, თუ კბილების გათეთრებასაც გეგმავთ, პროცედურა რესტავრაციამდე უნდა ჩატარდეს. კომპოზიტის ფერის გასაახლებლად სტომატოლოგი მის ზედაპირს გააპრიალებს ან მასალას ახლით შეცვლის.